,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს დევნილ ოჯახებს ბარამიას, თაბუკაშვილის ქუჩებსა და ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩასახლებებში შეხვდა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ექნება საკუთარი საცხოვრებელი.
,,დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ დევნილს ვპირდები.
ზუგდიდში ბინა უკვე 895 დევნილ ოჯახს გადავეცით. ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები, საერთო ჯამში, 1000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
კანდიდატმა იმ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის სახლის შესყიდვას გულისხმობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უკვე 800-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
დევნილებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები