ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პროექტის საკომუნიკაციო კამპანიის ,,მომავალიშენზეა“ ფარგლებში, ,,სამოქალაქო ჩართულობის დღესასწაული“ გაიმართა.
ღონისძიება გაცნობითი ხასიათის არაფორმალური შეხვედრით გაიხსნა, რომლის მიზანი ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პოპულარიზაცია და წარმატებული ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივების ჩართულობის მექანიზმების განხილვა იყო.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე ისაუბრეს.
გაიმართა ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და მცირე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის, გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა.
ცნობილმა მწერალმა დათო ტურაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სამოქალაქო ჩართულობის როლი საზოგადოების განვითარებაში“. ასევე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ მოეწყო დათო ტურაშვილის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) 2018 წლიდან ახორციელებენ პროექტს „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად.“
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში.
მასალის გამოყენების პირობები