კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებულ პროექტზე ზუგდიდში იმსჯელეს
19:09 / 06.05.2022
ზუგდიდის მერიის დარბაზში პროექტის "საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პროექტს ორგანიზაციები - "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი", "საქართველოს დახმარების კომიტეტი" და ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებენ, მათ შორისაა ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის.ორგანიზატორების განმარტებით, პროექტი 2019 წელს დაიწყო და მიზნად აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ხარისხიან და შეღავათიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესებას ისახავს.
"ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის დაცვის უფლების მიმართულებით და ამ გზით არსებული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში გაიცა რამდენიმე გრანტი. ზუგდიდში გამოცდილი ორგანიზაცია - ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის არის ჩვენი პარტნიორი, სწორედ ის მასპინძლობს დღევანდელ შეხვედრას. ჩვენი ვიზიტის პირველი დღე პროექტის მიზნების, ამოცანების, შედეგების გაცნობას დაეთმობა. ასევე, მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების, საჭიროებების გამოვლენა, შესწავლა, რომ ჯერ კიდევ პროექტის ფარგლებში ან მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვისას მოვერგოთ საჭიროებებს. მომდევნო 2 დღე კი მიეძღვნება ტრენინგებს ექიმებისთვის და გარკვეულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებას", - აღნიშნა "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლია სარალიძემ.
შეხვედრის ფარგლებში ასოციაცია "იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის აღმასრულებელმა დირექტორმა ქრისტინე კილანავამ ისაუბრა ქვეგრანტის ფარგლებში, ზუგდიდის 8 სოფელში განხორციელებულ პროექტზე "გაიგე მეტი შენი ჯანმრთელობის დაცვის უფლებებზე Covid პანდემიის დროს".
"ეს იყო ძალიან საჭირო პროექტი, რომელიც განხორციელდა კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. ეს ინტერვენცია იყო დროული და საჭირო, რადგან კოვიდპანდემიის გამწვავების პერიოდს დაემთხვა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის ინფორმაცია, რომელიც იურისტისგან და ექიმისგან მიეწოდებოდა კონფლიქტით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას სოფლებში. დასწრება იყო მაღალი, ისევე, როგორც ინტერესი ამ პროექტის მიმართ. ასევე მოგვეცა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა ფოკუს ჯგუფები და გამოიკვეთა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ამბულატორიების პრობლემა, რაზეც დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ", - თქვა ქრისტინე კილანავამ.
ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დაცვაზეა ორიენტირებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა დღევანდელ შეხვედრაზე "მშვიდობინი და საქმიანი კავკასიის" თავმჯდომარემ ალუ გამახარიამ.
"არიან ადამიანები, რომელიც საჭიროებენ ამ დახმარებას, ითხოვენ თავიანთი ჯანმრთელობის უფლების დაცვას. ჩვენ ამ ნაწილში პრაქტიკულად ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება იმ ადამიანებს, ვინც მოგვმართავენ სოხუმიდან, გუდაუთიდანაც გვყავდა ბენეფიციარები ახლახან. ვწუხვარ, რომ პროექტების მოცულობა არის მცირე, რომ იყოს მეტი საშუალება, შეიძლება გაცილებით მეტად გაიზარდოს ბენეფიციარების რაოდენობა. 1 ადამიანი, რომელიც ბრუნდება აქედან კმაყოფილი, მინიმუმ 16 ადამიანს განაწყობს თავის სოციუმს აფხაზეთში ქართველების მიმართ დადებითად. ასე მიხვდებიან, რომ არ ვართ მტრები, ვართ მეგობრები, ძმები, ახლობლები, ამას ვხედავთ ყოველდღიურად. დღესაც აქ რომ მოვდიოდი, 14 ადამიანი დავტოვე ოფისთან მოწყობილ სასტუმროში, ეთნიკური აფხაზები", - ამბობს ალუ გამახარია.
შეხვედრის დასასრულს პროექტის საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით დისკუსია გაიმართა. პროექტი "საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დაცვა" ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები