ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, 9 მაისს სოხუმში აღლუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების ჯარისკაცებიც მიიღებენ.
აღლუმის რეპეტიციას რუსეთის სამხედრო ბაზების მეშვიდე ნაწილის ჯარისკაცები 24 აპრილიდან გადიან.
ნაწილის მეთაურის მოადგილის იური პოშენკოს განცხადებით, აღლუმზე მონაწილეობას მათი ბაზის 2 კოლონა მიიღებს, თითოეულში 35 რუსი ჯარისკაცი იქნება და მათ წინ მედროშეთა სამკაციანი ჯგუფი გაუძღვება.
აღლუმისთვის მზადება და ერთობლივი რეპეტიციები სოხუმში 5 მაისამდე გაგრძელდება, 7 მაისს კი აფხაზი და რუსი სამხედროები უკვე გენერალურ რეპეტიციას გაივლიან.
2015 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისადმი მიძღვნილი აღლუმი სოხუმში, ყოფილ კოღონიას ბულვარზე (ამჟამად დიოსკურების სანაპიროზე), უცნობი ჯარისკაცის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები