თვითაღიარებული აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ სოხუმის მილიციის სკოლის კურსანტის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
სასამართლომ გარი კალაიჯიანი და ტიგრან ტოროსიანი სოხუმის მილიციის საშუალო სკოლის კურსანტის მერაბ გერგედავას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და თითოეულ მათგანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მერაბ გერგედავას მკვლელობა 2014 წლის 19 სექტემბერს მოხდა. ის სამხედრო მოსამსახურე ტიგრან ტოროსიანმა და მილიციის სკოლის კურსანტმა გარი კალაიჯიანმა ნარკოტიკული ნივთიერების - მარიხუანას შეძენის საბაბით, ავტომობოლით შეიყვანეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდას ტყის მასივში და იქ მას სამჯერ ესროლეს თავში და გულის არეში დანით ჭრილობა მიაყენეს. აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ დამნაშავეებს ორი მუხლით წაუყენა ბრალდება: " ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით განზრახ ჩადენილი მკვლელობა“ და "ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარება“.
მერაბ გერგედავას მკვლელობის საქმის განხილვა 2015 წლის თებერვალში დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები