აფხაზეთში ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ
აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოეში მოსკოვიდან ჩამოსულ ტურისტებს ორი
ნიღბიანი, ავტომატით და დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაბანოვების და ჩიჟიკოვების ოჯახის
წევრები, მათ შორის სამი ბავშვი, ზღვის სანაპიროზე ისვენებდა.
თავდამსხმელებმა დამსვენებლებს ძვირფასეულობა - ბეჭდები, სამაჯურები
და ფოტოაპარატები წაართვეს. ერთ -ერთ ტურისტს, ა.კაბანოვს, რომელმაც
წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ბოროტმოქმედებმა დანა დაარტყეს და
სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე ტურისტმა, ნ. ჩიჟიკოვმა ბანდიტებს თანხა
შესთავაზა და ბანკომატთან მისვლაზე დაითანხმა, საიდანაც მან გაქცევა
და მილიციის გამოძახება მოახერხა, წერს „ეხო კავკაზა“.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალთამცველებმა სასწრაფო დახმარების
ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დანარჩენი დაზარალებულები მილიციის თანამშრომლებმა უსაფრთხო ადგილზე
გადაიყვანეს. დე ფაქტო აფხაზეთის შსს თანამშრომლებმა ტრასის მთელი
პერიმეტრი გადაკეტეს. დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები