უამინდობამ აფხაზეთის ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ქარმა მაღალი ძაბვის ბოძი წააქცია, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ინფორმაციას კომპანია
„ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ადგილზე მისულმა ავარიულმა ბრიგადამ აღდგენითი სამუშაოების ნაწილი წუხელ შეასრულა და დილიდან მუშაობა განაგრძო. ამ დრომდე ელექტროენერგია სოფელ ბაღმარანსა და კაშტაკის რაიონს არ მიეწოდება.
გუშინ ამოვარდნილმა ქარმა გალის რაიონის ნაწილიც დააზარალა. „გალ-ინფომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეები. გალის მცხოვრებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ხე შენობას დაეცა, თუმცა, არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, უეცრად მოვარდნილმა გრიგალმა საცხოვრებელ სახლს ჭერი ახადა. ამ დროისათვის აღდგენილია ელქტროენერგიის მიწოდება, რომელიც წუხელ შეზღუდული იყო. ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მასალის გამოყენების პირობები