პოლიციამ სენაკში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
სამართალდამცავებმა სენაკში 1985 წელს დაბადებული გ.ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, "ფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით ამოიღო. მათზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები