"ვურჩევდი, სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს", - ასე უპასუხა ზუგდიდის მერმა ენმ-ის წევრის
ბრალდებებს "ვისოლ ჯგუფთან" კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ. როგორც გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა მსგავს გადაწყვეტილებებს მერი ერთპიროვნულად არ იღებს და ეს საკრებულოს პრეროგატივაა.
"ენმ-ის აქტივისტმა მორიგი ფარსი შემოგვთავაზა, სარჩელი შეიტანა პროკურატურაში, რაც ერთ კონკრეტულ საქმეს უკავშირდება. ის საკრებულოს წევრია და მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მერი არ იღებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება მშენებლობას, გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ, მხოლოდ შემდეგ ხდება მერიის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების აღსრულება. ვურჩევდი, სანამ მსგავსი საკითხებით დაკავდება, საკრებულოს სხდომებს დაესწროს და უფრო კომპეტენტური განცხადებები გააკეთოს", - თქვა გეგა შენგელიამ.
მან "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დეტალებზეც გააკეთა განმარტება.
"კომპანია "ვენჯორჯიას" ჰქონდა ვალდებულება, ზუგდიდის ცენტრში აეშენებინა კომერციული ფართი გარკვეულ ვადაში, რაც ამ ვერ განახორციელა და ჩვენ მიერ მოხდა ამ ვადის გაგრძელება. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ გადაიხადა 200 000 ლარი და წარმოადგინა საინვესტიციო ვალდებულების ანუ მილიონ-ნახევარი დოლარის 20%-ის, 300 000 დოლარის საბანკო გარანტია, რაც მუნიციპალიტეტის შემოსავალში მიემართება უმალ, იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, იმ ვადებში, რა ვადებშიც უნდა მოხდეს ამის გაკეთება. აღნიშნულით, მუნიციპალიტეტმა დამატებითი შემოსავალი მიიღო 200 ათასი ლარის სახით და გაიმყარა პოზიცია იმ შემთხვევაში თუ კომპანიას გაუჭირდება ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ ქმედებას ნაც მოძრაობა უწოდებს კანონდარღვევას და ხედავს კორუფციულ გარიგებას. მსგავსი კორუფციული გარიგებების შიში მათი აზრით ძალიან ბევრი იქნება, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების პერიოდი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის ამ სიცრუეს უარს და გააკეთებს ნორმალურ არჩევანს", - აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ გეგა შენგელიას წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში
შეიტანა. ანი წითლიძე ზუგდიდის მერს "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელთან სოსო ფხაკაძესთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ შენგელიამ "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან გაათავისუფლა და ნაკვეთს, რომელზეც ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებით საერთაშორისო ბრენდის რესტორანი უნდა აშენებულიყო, სტატუსი შეუცვალა.
საუბარია ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე, სახანძროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთზე, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს ''ზუგდიდი პალასის'' მფლობელობაშია.
მასალის გამოყენების პირობები