მეორე ქვეითი ბრიგადა 30 წლისაა - საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
სამინისტროს ცნობით, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო იარაღი გადაეცათ. საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დასავლეთის სარდალმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მე-2 ქვეითი ბრიგადა საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქვედანაყოფია, რომელიც 1992 წლიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. მე-2 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩართული იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც.
მასალის გამოყენების პირობები