სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში ეხმაურებიან ტელეგრამ - არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც ასახულია საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოგზაურობა. ვიდეოდან ჩანს, რომ „ქართველი მოგზაურები“ აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ, რომლებმაც უმასპინძლეს კიდეც.
ენგურის ხიდზე გადაღებულ ვიდეოში ისინი ახსენებენ „ხალხის ჩარევას“ და „ვიზას - ქაღალდის ნაგლეჯს“. როგორც ირკვევა, ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა და ბზიფის ხეობა, მათი მოგზაურობის ამსახველი რეპორტაჟი მთავრდება სიტყვებით „ჩვენ გავერთიანდებით“, წერს „ეხო კავკაზა“.
გამოცემის თანახმად, ახალი ამბის გამოქვეყნების მომენტისთვის, Youtube - ზე წვდომა შეზღუდულია მოგზაურობის ამსახველ ვიდეოზე. მისმა ავტორებმა კი კომენტარზე უარი განაცხადეს. საქართველოს მოქალაქეების სტუმრობაზე წერენ როგორც ე.წ. ხელისუფლების მომხრე, ასევე ოპოზიციური აფხაზური რესურსები.
"ქართული მხარე, დიდი ალბათობით, ამ ვიდეოს გამოიყენებს აფხაზეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ფარგლებში, რათა გააგრძელოს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები. მომხდარში, რა თქმა უნდა, კომპეტენტური ორგანოები უნდა გაერკვნენ. მოკვლევის შედეგები, „ტურისტების“ ვინაობა და ამ აქციასთან დაკავშირებული ყველას ვინაობა უნდა გასაჯაროვდეს“, - ნათქვამია „АМРА- life-ის" ტელეგრამ-არხზე.
„და სად არის ჩვენი სახელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური?! სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო? სად არის ჩვენი მინისტრი ინალ არძინბა და რატომ არ აკეთებს კომენტარს ამ აქციაზე?! ბატონო პრეზიდენტო, სად ხართ?! აქ ასეთი ამბები გვაქვს, სანამ თქვენ რუსეთში თქვენს საკითხებს აგვარებთ!!!” – წერს ტელეგრამ - არხის „AIASHARA“-ს ავტორი.
სოხუმში საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ გალის რაიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური ნებართვის გარეშე ჩასვლა არ შეუძლიათ. სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, „ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".
2023 წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა
ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამბავმა ასევე გამოიწვია აფხაზური საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება. რამდენიმე დღეში, აფხაზმა "მინისტრმა" თავადვე დაადასტურა ინფორმაცია ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ქართულ-აფხაზური კონსულტაციების შესახებ კომენტარი სთხოვეს. მას შეხვედრის ფაქტი არ უარუყვია, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
მასალის გამოყენების პირობები