ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ და მუშაობენ, სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც „აგენტების“ შესახებ კანონს აპროტესტებენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელახლა დაინიციირებული და უკვე ორი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი, გვაშორებს ევროპას და მისი მიღებით, ჩვენ დავკარგავთ ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ შანსს. ემიგრანტების, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილების და სამეგრელოდან წასულების ხმები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, 10 მაისს, ზუგდიდში გამართულ აქციაზეც მოისმინეს შეკრებილებმა:
„დღეს, როგორც არასდროს გახდა საქართველოს, ჩვენი მრავალგზის ტანჯული სამშობლოს ევროპული მომავალი ხელშესახებად რეალური. ზუსტად ამიტომაც, გააფთრებული გვიტევს მტერი ყველა მხრიდან, ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, რამდენადაც არ უნდა შეეცადოს პროპაგანდა, დღეს, ისე, როგორ არასდროს, ერთიანია საქართველო. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი გიორგი ანწუხელიძეების სისხლით დღევანდელ დღემდე მოტანილ საქართველოს, 21- ე საუკუნეში ორჯონიკიძეებს არ დავახურვინებთ. არა რუსულ კანონს!“ ( მანანა სამუშია, გერმანია)
„მინდა გითხრათ, რომ მე ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, რუსულ ხელისუფლებას, მინდა ევროპული მომავალი საქართველოსათვის და აი, მიყვარხართ, ადამიანებო, ვინც ამ აქციებზე დგახართ და ამ ყველაფერს აპროტესტებთ. ძალიან დიდი მადლობა, თუნდაც ჩემი სახელით და არა, რუსულ კანონს!“ (გიორგი კუპატაძე, შვეიცარია)
„გიერთდებით ამ ბრძოლაში, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, ჩვენი გზა ევროპაში, არა, რუსულ კანონს, არა, მონობას!გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“. (ქეთო ხუბულავა, იტალია)
„მინდა გამარჯვება გისურვოთ, იმ ტირანიაზე, რასაც რუსეთი ჰქვია. იმ საშინელ წყობაზე, რასაც რუსეთი ჰქვია და ყველამ მინდა გაიგოს, არასოდეს საქართველო არ გახდება რუსეთი, არც რუსეთის რესპუბლიკა და არც რუსეთის მეგობარი, ის რუსეთის მტერია და მტრად დარჩება, მადლობას მოგახსენებთ ამ ბრძოლისთვის, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“. (სოფო, საფრანგეთი).
„ბავშვებო, ჩვენო მომავალო თაობავ, თქვენ გვერდით ყოფნას გიცხადებთ, თქვენთან ერთად ვართ, არა რუსულ კანონს! არა, ბიძინას, არა პუტინს! შინ ევროპისკენ. გამარჯვებას გისურვებთ, იმედით შემოგჩერებივართ შორიდან, წინ გამარჯვებისკენ, არ დანებდეთ, არ შეგაშინოთ მონათმფლობელებმა“, (მაია ჯიბღაშვილი, ისრაელი).
„მინდა მოგაწვდინოთ ჩემი ხმა იტალიიდან, მე ვამბობ, არა, რუსულ კანონს! არა, რუსეთს, და არა რუსეთის პოლიტიკას. მე ვგმობ, პოლიციის და სპეცრაზმელების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ, ძალის გამოყენებას. მე ვეუბნები კი ევროპას და კი ევროპულ მომავალს საქართველოში. გაუმარჯოს გაბრწყინებულ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს!“
„ახლა ჩვენი, თითოეული ემიგრანტის და საქართველოს ყველა მოქალაქის ხელშია, საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ სწორ მხარეს, და უნდა ვუთხრათ, არა ამ კანონს! და არა, ყველა იმ კანონს, რომელიც გვაშორებს ევროპას. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ჩვენ აუცილებლად გავხდებით, ევროკავშირის ღირსეული წევრი. კი, ევროპას!“
„მე ვარ სოფო დარსანია, დევნილი სოხუმიდან და დევნილი უკრაინიდან , რუსეთმა არ გვაკმარა ერთხელ დევნილობა და მეორეჯერ გაგვაძევა სახლიდან. ევროპაში 15 წლის მანძილზე ყოფნის შემდეგ, ერთი რამ მეთქმის, ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვაერთიანებს ევროპასთან და არა იმპერიულ რუსეთთან, რომელიც ყოველთვის ჩვენს დაპყრობას ცდილობდა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განადგურებას და ჩვენი პაწია სამშობლოს მითვისებას. მინდა უღრმესი მადლობა შემოგითვალოთ ყველა თქვენგანს, თქვენი დაუღალავი ბრძოლისთვის. არა მხოლოდ მე, არამედ, ათასობით ქართველო ემიგრანტი დგას დღეს თქვენს გვერდით. არა რუსულ პოლიტიკას, არა რუსულ კანონს! კი საქართველოს! კი, სვლას ევროპისაკენ!“ „სამარგალო გვალო შხვა რე, თექ ირფელს მა ქუგუალე! ჩქიმ მარგალეფ , ირო სწორ შარას გერეთ! მიორთ დო იმენდი მიღუ თქვან! ზუგდიდი ჩემი დედულეთია და განსაკუთრებულად მიყვარხართ ბავშვობიდან, პარიზში, სადაც 23 წელია ვცხოვრობ, არ გასულა ერთი დღე, რომ არ მეფიქროს ჩვენს ხალხზე, ჩვენს სამშობლოზე ... დიდი მხარდაჭერა გაქვთ პარიზიდან, 10 დღეში 6 აქცია და პერფორმანსი ჩავატარეთ, სადაც ფრანგი პოლიტიკოსები და უკრაინელი პატრიოტები ერთად ვდგავართ და სოლიდარობას გიცხადებთ“. (თამუნა დემურია საფრანგეთი).
„მოგმართავთ გერმანიიდან, ახალგაზრდებო მეამაყებით, თქვენ დაუმარცხებელი არმია ხართ, თქვენ, სათითაოდ ყველა ჩვენგანს ამხნევებთ, თქვენი თაობაა ჩვენი მედროშე , ჩვენი სინდისი ჩვენი ცოდვების მამხილებელი, მე ეს საქართველო მიყვარს შეუდრეკელი, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისათვის“. (შოთა როსტომაშვილი)
„ჩემო ზუგდიდელებო, და განსაკუთრებით, ჩემო ძვირფასო ზუგდიდის ახალგაზრდობავ, დღეს თქვენ ქმნით ჩვენი სამშობლოს ნათელი მომავლის ისტორიას, და ამისთვის უღრმეს მადლობას გიხდით. თქვენი სილაღით, თქვენი სუფთა გულებითა და გონებით, თავისუფლების სწორი აღქმით და ბრძოლის ცივილური მეთოდით, თუ როგორი ღირსეული , ჭკვიანი და საუკეთესო გოგო - ბიჭები ხართ! უზომოდ ვამაყობ თქვენით. მინდა იცოდეთ, რომ მთელი არსებით თქვენთან ვარ და მჯერა , რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, და საქართველო დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს თავის ევროპულ ოჯახში. არა რუსულ კანონს!“ემიგრანტები აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა არჩევანი, ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ გზაზე, „რუსული კანონის“ მიღება კი ევროპული გეზის საბოტაჟია და საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა“.
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის
ზუგდიდში.
ამავე თემაზე:„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)
ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
"აგენტების" კანონი მეორე მოსმენით მიღებულია
მოღალატეებო, მალე მოგაკითხავენ - ზუგდიდელ აქტივისტებს უცხო ნომრიდან დაურეკეს და შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართეს (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები