აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. „პარლამენტის“ რიგგარეშე სხდომა, რომელიც 19 დეპუტატის მოთხოვნით იყო მოწვეული, დღეს გაიმართა.
საინვესტიციო შეთანხმებას ხელი 30 ოქტომბერს მოსკოვში მოეწერა, რასაც მოჰყვა მოქალაქეების
პროტესტი და აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომა.„პარლამენტის“ შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ მიმართა. მისი თქმით, ეს შეთანხმება „აფხაზეთის დამონებას“ ნიშნავდა.
„ყველაფერი, რაც გაკეთდა, არ იყო მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. იმედი გვქონდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გაგვიგებდა და ხელშეკრულებას გააუქმებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არიან ადამიანები, რომლებიც ამ შეთანხმების ლობირებდნენ. ეს არის პრეზიდენტი - მან თანამდებობა დატოვა, ეკონომიკის მინისტრი. მეტიც, არსებობს სპიკერის წერილები, რომელიც ეკონომიკის მინისტრს სთხოვდა, რომ არ დაეჩქარებინა ხელშეკრულების ხელმოწერა, მაგრამ მან არ მოისმინა! უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს პარლამენტის სხდომა, რომელზეც დავაყენებთ ეკონომიკის მინისტრის კომპეტენციის საკითხს“, - აღნიშნა მან.
„პარლამენტთან“ შეკრებილებმა მოუწოდეს „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელს, ბადრა გუნბას, გამოვიდეს ხალხთან და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხოს.
კერძოდ, მათი მოთხოვნაა, რომ ასლან ბჟანიამ პასუხი აგოს, „რუსულ ტელევიზიაში აფხაზეთის ხალხის წინააღმდეგ გაკეთებულ სიცრუეზე“, - იუწყება ტელეგრამის არხი RESPUBLICA.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბჟანია რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნდა. ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს ვადამდელ „
საპრეზიდენტო არჩევნებში“, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები