საქართველოში უწყვეტი პროევროპული აქციების 41-ე დღეა. მოქალაქეების ნაწილი ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან კვლავ
ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააჟღერეს საერთო სახალხო პროტესტის უცვლელი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ თბილისში, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.
ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩამოვა. დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული დეტალები კი დღის ბოლომდე დაზუსტდება. მოქალაქეები ხვალ, აქციაზე შეიტყობენ ზურაბიშვილის ვიზიტის თარიღსა და დროს.
მათი თქმით, პრეზიდენტი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ის ქართველ ხალხთან დგას.
სოციალურმა მუშაკმა ნანა შედანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პატრიოტიზმზე და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, რაც, მისი თქმით, ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს.
"როცა პატრიოტიზმზე ვსაუბრობთ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვით გამოხატული სიყვარული. ჩემთვის პატრიოტიზმია ის რწმენა, რომელიც ჩვენს გულებში ცოცხლობს და რომელიც ძალას გვაძლევს ვიმოქმედოთ. სწორედ ეს მოქმედებაა ჩვენი ყოველდღიური აქ შეკრება, დაუმორჩილებლობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვა. ჩემი გაგებით, ქვეყნის სიყვარული მაშინ არის ნამდვილი, როცა ის პასუხისმგებლობებით სავსეა. ესენია: ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე, თანამემამულეებზე, და რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასზე, სამშობლოზე. მინდა, სამშობლოზე ჩვენი ზრუნვა არასდროს გაგვინელდეს", - თქვა მან.
შეგახსენებთ, აქციების მე-40 დღეს, ზუგდიდში შობის დღესასწაულს მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა დაანთეს სანთლები და შეასრულეს საშობაო საგალობლები.
მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.
ამავე თემაზე:
ქირსე ევროპას მითანდუნა - ზუგდიდში შობას სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდნენ (ფოტო)
შობა თავისუფლებისთვის - დღეს ზუგდიდში მოქალაქეები შობას საპროტესტო აქციით შეხვდებიან
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გაიმართა (ფოტო)
„არ შეეგუო, იმოქმედე“, - ზუგდიდში პროტესტი გრძელდება (ფოტო)
"საჯარო მოხელეებს უნდა შევახსენოთ, რაც ქვეყანაში ხდება" - საპროტესტო აქცია მერიის შენობასთან იმართება (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები