დღეს სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი მიიღო. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
ამავე ცნობით, ფრენა რუსულმა ავიაკომპანიამ „ЮВТ Аэро"-მ შეასრულა.
თვითმფრინავს მოსკოვიდან ჩამოჰყვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა.
გუშინ, 6 თებერვალს, მოსკოვში განაცხადეს, რომ საცდელი ფრენა სოხუმის აეროპორტში დღეს, 7 თებერვალს შესრულდებოდა. ამის შესახებ ბადრა გუნბას რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განუცხადა.
ცნობისთვის, 3 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა რუსმა კურატორმა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ თქვა, რომ სატესტო რეისი რუსეთიდან უკვე თებერვალში შესრულდებოდა, ხოლო, როგორც აღნიშნა, რეგულარული ფრენები, მაისში, ტურისტული სეზონისთვის დაიწყება.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
შეგახსენებთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
ამავე თემაზე:
სოხუმის აეროპორტი მოსკოვიდან პირველ საცდელ რეისს მიიღებს, - მედია
ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს
სოხუმში რუსეთიდან ახალი კურატორი სერგეი კირიენკო ჩავიდა - მედია
სოხუმში აეროპორტის ამოქმედებას მაისში ვარაუდობენ, - მედია
მასალის გამოყენების პირობები