ელიზბარ ხვიჩიას გზა ამერიკისა და ევროპისკენ 9 წლის წინ, 2014 წელს დაიწყო. მაშინ 17 წლის მოსწავლემ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა და ორი წლით ამერიკაში წავიდა.
იხსენებს, რომ მაშინ "ოცნების ქვეყანას" სულ სხვანაირს ხედავდა, ვიდრე დღეს არის, თუმცა ზუსტად იცის, იქ სწავლამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უნივერსიტეტიდან ორი სემესტრით ჩეხეთსა და პორტუგალიაშიც ისწავლა.
"დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ და რეალურად, ამის საფუძველი იყო ის, რომ წინა ერთი წელი, სკოლის ბოლო წელი ამერიკაში გავატარე. ამან მომცა დამატებითი მოტივაცია, რომ სხვა ქვეყნებშიც მესწავლა და სხვა ქვეყნების გამოცდილებებიც შესაბამისად მიმეღო, ამიტომ ჩემთვის დაინტერესება საერთაშორისო სწავლის მიმართ დაიწყო ძალიან ადრე, სკოლის პერიოდში, როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელსაც მომავლის შენება უნდა", - გვიყვება ელიზბარი.
ამბობს, რომ განსხვავება ცხოვრების თუ სწავლების სტილს შორის არა მხოლოდ საქართველოსა და ამერიკას ან ევროპის შორისაა, ევროპული და ამერიკული, თუნდაც, ყოველდღიური რუტინაც კი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ყველაფერი კი, ცხადია, თავიდან სირთულეებსაც ქმნიდა. მათ შორის, საუბრობს სირთულეზე ტრანსპორტირების კუთხით, რაც ევროპაში უფრო მარტივია, ვიდრე აშშ-ში. ჩვენი რესპონდენტისთვის სწავლის პროცესი ამერიკაში უფრო მხიარულია, ევროპაში კი მეტად აკადემიური.
"ზოგადად, ამერიკაში, უფრო მხიარული მგონია, უფრო რთული და მხიარული იმ გაგებით, რომ დაბალანსებულია, აქ მნიშვნელობა აქვს ე.წ ნეთვორქინგს, ანუ შენს წრეს, რომელთანაც კომუნიცირებ, როცა ევროპაში წმინდად აკადემიურობას არ ცდება შენი და პროფესორის ურთიერთობა, შენი და კონკრეტული ორგანიზაციის თანამშრომლის ურთიერთობა, ამერიკაში ეს უფრო ადამიანური მომენტებიც ირთვება, იმ გაგებით, რომ შეგიძლია ადამიანთან ნეთვორქინგი დაამყარო, პოტენციურ დამსაქმებელთან ე.წ კოფი ჩათებზე გახვიდე, რომელიც გაახლოებს ადამიანს, რომ შენი თავი კარგად გააცნო, წარმოუდგინო, ვინ ხარ, რას წარმოადგენ და რა მიზნები გაქვს. შესაბამისად, მგონია, რომ ამერიკაში შენი თავის რეალიზების და სხვისთვის წარდგენის ძალიან კარგი შესაძლებლობები გეძლევა, განსხვავებით ევროპასგან, ამას ვიტყოდი ერთ ერთ განსხვავებად.
აი, მაგალითად, ამერიკაში, სადაც მე ვიმყოფები, სწავლის გაძლიერებულ მეთოდიკასთან ერთად, არის ძალიან კარგი სოციალური ჯგუფები, ე.წ.სამოქალაქო ორგანიზაციები. აქ საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ეკლესიას, ტეხასში, ზოგადად სამხრეთში, არა როგორც სარწმუნოების გაგებით, არამედ როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის კუთხით. ეკლესია ადამიანს ეხმარება, რომ სოციალური აქტივობა დაგეგმოს, შემდგომ სოციალურად გაჭირვებულებს დაეხმაროს, რაღაც ტიპის ჩართულობა უზრუნველყოს. ლიტურგიას არ ესწრები, მაგრამ ეკლესიის ორგანიზატორებთან შეგიძლია რაღაც პროექტი დაგეგმო, რომელსაც შეუძლია რაღაც ტიპის ცვლილება მოიტანოს", - ეუბნება
რადიო "ათინათს" რესპონდენტი.
ახლა აშშ-ში, საუნივერსიტეტო ქალაქში, ბუშის საჯარო მმართველობის სკოლაში საჯარო მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას სწავლობს. სწავლის დასრულების შემდეგ კი აპირებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში სხვებს გაუზიაროს.
"მე ვარ ფულბრაიტის დაფინანსებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩემი სწავლის დასრულების შემდგომ, მე, ნებისმიერ შემთხვევაშ, ი უნდა მოვახმარო აქ მიღებული გამოცდილება ქართულ რეალობას. ეს ითვალისწინებს იმას, რომ მინიმუმ 2 წელი მე საქართველოში უნდა დავბრუნდე და უნდა გავაზიარო ჩემი ცოდნა. საჯარო მენეჯმენტი და საჯარო სამსახურის შესახებ უფრო მეტის ცოდნა ვფიქრობ, რომ ჩემს როგორც აქტიური და საჯარო სამსახურით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევრისთვის, ძალიან კარგი ბაზაა იმისათვის, რომ აქაური გამოცდილებების კომბინაციით და სინთეზით შემეძლება საქართველოში კონკრეტულ დარგებში საჯარო მენეჯმენტის ჩავარდნები ჩემი კონტრიბუციით უფრო კარგი გავხადო. როგორ დიდადაც არ უნდა ჟღერდეს, მინდა, რომ ამ პროცესისი ნაწილი ვიყო, რომელსაც საჯარო სერვისების გაუმჯობესებაჰ ქვია და ვფიქრობ, რომ აქ ამჟამად ისეთ გამოცდილებას ვიღებ, რომელიც არ არის ძალიან თეორიული, არამედ არის კომბინირებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, ასე რომ, აქტიურად მაქვს შეხება პოლიტიკასთან, რომელიც მართლა შეიძლება საქართველოში, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში თუ კონკრეტულ სფეროში დაინერგოს და წარმატებული აღმოჩნდეს", - საუბრობს სამომავლო გეგმებზე სტუდენტი.
ამერიკული ცხოვრების სტილთან შეგუება არ გასჭირვებია, რადგან წინა წლების გამოცდილება დაეხმარა, თუმცა მცირე პრაქტიკული გამოწვევები მაინც აქვს, მაგალითად, საჭმელს ხანდახან "იუთუბ" გაკვეთილების დახმარებით აკეთებს. მის ყოველკვირეულ რუტინაში სწავლის გარდა, შედის, პარასკევ საღამოობით გართობაც. ასე დროც უფრო სწრაფად გადის.
"სულ ბალანსირებულად დაკავებული ვარ, როგორც სწავლით, ასევე, სოციალური ცხოვრებით და ასევე, როგორც ახალგაზრდას სჭირდება, გარეთ გასვლის და ჰობებით ტკბობის ნაწილში", - დასძენს ელიზბარი.
მას ვთხოვეთ, შეეფასებინა, წლების ამერიკული და ევროპული გამოცდილების ფონზე, ზუგდიდს და ახალგაზრდების განვითარების პერსპექტივებს როგორ ხედავს. ამბობს, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ელფერი აქვს.
"მე ზუგდიდისთვის არასდროს შემიხედავს, როგორც პატარა, ჩამორჩენილი ქალაქისთვის, რადგან ზუგდიდს აქვს თავისი რაღაც ელფერი, რომელიც ამ ქალაქს მართლა განსაკუთრებულს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ არ არის გასართობად ბევრი ადგილი, არ არის სოციალური კომუნიკაციის დასამყარებლად ბევრი ადგილი, მაინც ზუგდიდში მცხოვრები ხალხი ჩემთვის უფრო ახლოს დგას, ვიდრე სხვა ყველა. ობიექტურობა მოითხოვს, რომ ვთქვა, ზუგდიდი არ სთავაზობს ახალგაზრდას იქ, უხეშად რომ ვთქვათ, განვითარების პერსპექტივას. ეს ობიექტური მოცემულობაა, რადგან იქ დარჩენა უდრის იმას, რომ ფაქტობრივად, შრომით ბაზარზეც არ ხარ კონკურენტუნარიანი და თან ცვლილებების მოტანაც არ შეგიძლია, რაღაც უფრო დიდი უნდა შეიცვალოს, რომ ზუგდიდმა ფეხი აუწყოს", - გვიყვება რესპონდენტი.
უკვე გამოცდილი სტუდენტი ზუგდიდელ ახალგაზრდებს ურჩევს, მაქსიმალურად დაინახონ და გამოიყენონ შესაძლებლობები, არ შეეშინდეთ გამოწვევების და არც უპერსპექტივობის შიშს დანებდნენ. ელიზბარი ფიქრობს, რომ დამოუკიდებლლად ბრძოლის უნარი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა და ეს ყველაფერი ერთად ისეთი განათლების მიღების საშუალებას მისცემს ნებისმიერ ახალგაზრდას, რომ შემდეგ საზოგადოებას დაეხმაროს.
"ეს არ არის წმინდად ინდივიდუალური აქტი, ეს შეძლება იყოს კოლექტიური აქტი, რომლითაც შენ, შენი მიღებული გამოცდილებით, შენივე სამეზობლოს, სამეგობროს, ქალაქს ეხმარები და მგონია, რომ ეს შიშის დაძლევა, რომელსაც სიახლეებისკენ ბრძოლა ქვია, ეს ძალიან გვიჭირს. მე მინდა ვისურვო და ყველას ვუთხრა, რომ იპოვონ ის მოტივაცია, რომლითაც ბარიერებს გადალახავენ და გადაულახავ კედელს გადაახტებიან იმიტომ, რომ ეს არის შესაძლებელი. ეს ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ მეც ძალიან ბევრი ჩავარდნა მქონია, მაგრამ მიწევდა წამოდგომა, რადგან სხვა შანსი არ მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მინდა ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს და იყოს ისეთი, რომლითაც შემეძლება სხვასაც დავეხმარო და ორმაგი ეფექტი ქონდეს, სადაც მე ვიქნები თავდაჯერებული ჩემი გამოცდილებით და განათლებით, ასევე, სხვას შემიძლია მივცე მოტივაცია, რომ ამგვარ საქმეებში ჩაერთოს და პირველ რიგში, ეს განათლებით იწყება. განათლების მიღების საშუალებების ძიებაც ,ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს გაადვილებულია, თუ შევადარებთ 10 ან 20 წლის წინანდელ სიტუაციას. ზღვარი არ უნდა დაიწესო, რომელიც ნიშნავს, რომ მაგას ვერ გადაახტები, შეიძლება მართლა ვერ გადაახტე, მაგრამ იმდენი უნდა გააკეთო, რომ მინიმუმ ისკუპო და თუ კედელს შეასკდები, ეგეც გამოცდილებაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მარცხიც გამოსცადო, სხვა შემთხვევაში დაუმარცხებელი იმპერატორი არავინ არ ვართ. ამ ცხოვრებაში, თუ არ დაენარცხე იატაკზე, ვერაფერს ისწავლი, მე ამის მჯერა. გამომიცდია და ვიცი, რომ დანარცხება და ცხვირის გატეხვა, მეტაფორულად, რა თქმა უნდა,როგორი მტკივნეული იყო.
მჯერა, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარება ნებისმიერი პლატფორმით, აი, მაგალითად, რადიოს საშუალებით, პოზიტიური შედეგის მომტანია", - ასე ასრულებს ჩვენთან საუბარს აშშ-ს საუნივერსიტეტო ქალაქის ერთი ოთახიდან და გვპირდება, რომ ყველა მიღებულ სიახლეს ჯერ საკუთარ ქალაქს, აქ მცხოვრებ თინეიჯერებს, მოსწავლეებს თუ სტუდენტებს აუცილებლად მოახმარს.
ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.
მასალის გამოყენების პირობები