ინტერვიუ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან მარკ კლეიტონთან
13:26 / 18.11.2022
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა ზუგდიდში ყოფნისას რადიო "ათინათს" ინტერვიუ მისცა.
ელჩმა სამეგრელო - ზემო სვანეთში თავისი პირველ ვიზიტზე, საქართველო - ბრიტანეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პოტენციალზე, ასევე გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ ქვეყანასა და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა, თავდაცვა და კიბერუსაფრთხოება, კულტურა და განათლება, ჯანსაღი მედიაგარემოს ხელშეწყობა, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და სხვა.
ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ამ ეტაპზე საქართველო, როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისის, ასევე საგარეო საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას.
უკრაინის კრიზისზე საუბრისას, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანეთი ისევე , როგორც კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
ბატონო ელჩო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, არის თუ არა ეს თქვენი პირველი ვიზიტი სამეგრელოში და რა მიზნით ჩამოხვედით რეგიონში?
პირველ რიგში, ძალიან მინდოდა ზუგდიდში ჩამოსვლა, რადგან ეს რეგიონი არის პრიორიტეტული ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გეოგრაფიული კუთხით, თუ პოლიტიკურად. ბრიტანეთის საელჩო წლებია მუშაობს გამყოფი ხაზის იქით მოქმედ ორგანიზაციებთან, რომელთა პარტნიორი ორგანიზაციები სწორედ რომ ზუგდიდში არიან და აქედან გამომდინარე, ზუგდიდი ჩვენთვის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია საქართველოში.
გაერთიანებული სამეფო და საქართველო 2022 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს აღნიშნავენ, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას დიდი ისტორია აქვს, დღეს რა ეტაპზეა ეს ურთიერთობა და როგორია მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები და პოტენციალი?
პირველ რიგში, ვთლი რომ საქართველო - ბრიტანეთის ურთიერთობა დღესდღეობით ისეთი ღრმა და ძლიერია, როგორც არასდროს. ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორს, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს და შესაბამისად, ეხმარება ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირის და ნატოში გაწევრიანების კუთხით. უნდა აღინიშნოს, ის სამაგალითო ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოსთან თავდაცვის კუთხით, სწორედ ხვალ მივდივარ ფოთში სადაც ბრიტანელი სამხედროები ატარებენ წვრთნებს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით, რომლებიც ძირითადად მიმართულია დროებით გამყოფ ხაზის იქით მცხოვრები მოქალაქეებისთვის.
დიპლომატიური კუთხით ბრიტანეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, იქნება ნიუ იორკი თუ ვაშინგტონი. გარდა კონფლიქტებისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის ხელშეწყობა, დამოუკიდებელი მედიის არსებობა, მაგალითად როგორიც არის „ათინათი“, ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება. აქვე უნდა აღინიშნოს, განათლება (ინგლისური ენის სწავლა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში), რომელიც არის ერთ-ერთი პრიორიტეტი დიდი ბრიტანეთისთვის, რაც ძირითადად ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ. ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერება და გაფართოება, ამის კარგი მაგალითია არქეოლოგიური კუთხის ნოქალაქევის მხარდაჭერა, რომელსაც ბრიტანეთი უკვე 25 წელია ახორციელებს. თამამად შემიძლია ვთქვა რომ დღეს საქართველო - ბრიტანეთის ურთიერთობები არის მრავალმხრივი და ძალიან მდიდარი, რომელიც არ წყვეტს განვითარებას.
თქვენ ფაქტიურად უკვე ისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებითაც ვითარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები და იმაზე, თუ რა პროექტებს ახორციელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. უკვე ორი წელია, რაც საქართველოში ხართ და ეს პერიოდი იყო საკმაოდ რთული, ის დაემთხვა პანდემიურ, პოსტპანდემიურ პერიოდს, შემდეგ უკრაინის კრიზისს, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაზე, მათ შორის, პატარა საქართველოზეც. ამ დროის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ადგილზე აკვირდებოდით, როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა საქართველო, შიდაპოლიტიკური კრიზისის და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
მადლობა თქვენ, რომ ესე კარგად აღწერეთ ზოგადი სურათი, რა რეალობაშიც გვიწევს ცხოვრება. მართლაც, რომ უამრავი გამოწვევის წინაშე დგას საქართველო, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომით, ასევე კოვიდით გამოწვეული სირთულეებისა თუ ზოგადად ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, კვლავ არსებობს გარკვეული შესაძლებლობები ქვეყანაში. რას ვგულისხმობ აქ, ორ წელიწადში არის შემდეგი არჩევნები, სწორედ ახლა უნდა მოხდეს პოლიტიკოსების კონსოლიდაცია მთავარი მიზნისკენ, რაც არის საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს არის ქართველი ხალხის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში, რადგან ეს არის დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვა.
საქართველოსთვის ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთი, რომელიც უკვე წლებია არალეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20% - ზე, ეს არ არის ახალი საქართველოსთვის. დიდი ბრიტანეთი, როგორც უკვე აღვნიშნე, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. რასაც ჩვენ ვხედავთ უკარაინაში რუსეთის მხრიდან, არის რომ რუსეთი რჩება არასაიმედო და პირიქით, საშიშ მოთამაშედ. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს გარკვეული შესაძლებლობები, მაგალითად ახლახან ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში. საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რომ იმუშაოს მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რათა წარმოაჩინოს თავი, როგორც სანდო, სტრატეგიულ პარტნიორად ტრანზიტის კუთხით. ტრანზიტში არ იგულისხმება მარტო გაზი და ნავთობის გატანა ბაქოდან, ასევე არის პოტენციალი გახდეთ სატრანზიტო ქვეყანა განახლებადი ენერგიის კუთხით ცენტრალურ აზიაშიც. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა უნდა გაერთიანდეს და არ დაიშუროს ძალ - ღონე იმუშაოს ამ კუთხით. ახლა ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ უკრაინის კრიზისის კონტექსტში, დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 254 - ე დღეა, დიდი ბრიტანეთი უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ყველა მიმართულებით, კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებთან ერთად. ამ ეტაპზე, ნარჩუნდება თუ არა ეს მუხტი, რომელიც მუდმივად ჩანს დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებში, როგორც ვხედავთ, გრძელდება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რამდენად ეფექტიანია დღეს ისინი და კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს, რუსეთის დასასუსტებლად?
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის ურყევი და უცვლელი, ეს კარგად ჩანს დიდ ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრების და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვებში. ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ მანამ, სანამ უკრაინა არ იქნება გათავისუფლებული რუსეთის თავდასხმისგან და ტერიტორიები არ იქნება დაბრუნებული უკან. ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დასუსტდება და სანქციები სწორედ ამას ისახავს მიზნად. დიდი ბრიტანეთს ზუსტად იგივე პოზიციები აქვს საქართველოს მიმართაც, რაც იგულისხმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით. რუსეთის გავლენის შესახებ საუბრისას, არ შეიძლება არ ვახსენოთ ჰიბრიდული ომი, რა საფრთხეს შეიცავს ის დღეს საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ახლა და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის გავლენის შესასუსტებლად?
ჩემი კოლეგები ჩემთან საუბარში ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველო ყოველ დღე განიცდის ჰიბრიდულ ომს, რაც კარგად ჩანს დროებით გამყოფი პუნქტებზე არსებული სიტუაციით, მცოცავი ოკუპაციით და იმ უკანონო დაკავებებით, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჰიბრიდული ომს აქვს სხვადასხვა გამოვლინებები და პირველი, ეს არის დეზინფორმაცია, რაც რეალური გამოწვევაა არამარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთი მუშაობს და ეხმარება საქართველოს მთავრობას სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარებაში, რაც გულისხმობს სწორი მესიჯის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობაზე და ასევე ვთანამშრომლობთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ფოკუსირებული არიან ფაქტების გადამოწმებაზე. საქართველოს მთავრობამ კარგად იცის კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა, სწორედ ამ კუთხით გვაქვს საკმაოდ წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა. უნდა აღინიშნოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით ბრიტანეთის დახმარებაც, რომელიც მიზნად ისახავს არსებული რეფორმის ხელშეწყობას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მათი გაძლიერების მნიშვნელობა მთელ ამ პროცესებში.
თქვენ ახსენეთ მედიის გაძლიერება, ეს გულისხმობს რეგიონულ მედიას რომელსაც მაგალითად, წარმოვადგენთ ჩვენ, უკვე წლებია ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორი ნდობის გაღრმავებისკენ, გვაქვს მხარდაჭერა დონორებისგან, რაც ხელს უწყობს ჩვენს გაძლიერებას და ამისთვის დიდი მადლობა! იმ პირობებს შორის, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, არის ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა და ხელშეწყობა, თქვენი შეფასებით, როგორია დღეს მედიაგარემო საქართველოში, მედიის თავისუფლების ხარისხის, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს დავალება შევასრულოთ?
ძალიან კარგი კითხვაა. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქართული მედია სივრცე არის მრავალფეროვანი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელია. ხშირად ვხედავთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები სხვადასხვა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს. უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ მცირე მათგანია ობიექტური, თუმცა ამაში არა არის მთავარი პრობლემა. დიდი ბრიტანეთის მედიის ხელშეწყობა და სიტყვის თავისუფლება ესაა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, სწორედ ამიტომ ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში მედიის კუთხით განვითარებულ მოვლენებს, ეს ეხება ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ თუ მათი მფლობელების მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორიც არის გვარამიას საქმე, უნდა აღინიშნოს რომ ჩემს მოვალეობაში არ შედის ინდივიდუალურ საქმეზე კომენტარის გაკეთება, თუმცა ის გარემოებები, რომლებზეც საუბრობს თუნდაც რეპორტიორები საზღვრების გარეშე საკუთარ ბოლო ანგარიშში: პრაიდის დროს ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, კონკრეტული მედია საშუალებების შევიწროების მაგალითები, ჩვენ ამას აქტიურად და საკმაოდ ახლოდან ვადევნებთ თვალს და არსებობს გარკვეული დამაფიქრებელი მომენტები. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ მედიას და სწორედ ამიტომ ვართ დღეს თქვენს ოფისში.
ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ სამეგრელოს შესახებ, რეგიონს უკვე მეტ - ნაკლებად გაეცანით, როგორ ხედავთ სამეგრელოს პოტენციალს სამომავლოდ?
სადაც არ უნდა წავიდე საქართველოში, ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხალხის ენთუზიაზმი და ინტერესი. სამეგრელო, განსაკუთრებით ზუგდიდი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლის გამო, ხმა მიაწვდინოს იმ რეგიონებს, რომლებიც ამჟამად მოწყვეტილნი არიან დანარჩენ საქართველოს. ვხედავ საზოგადოებებს, რომლებიც გაყოფილი არიან ორად, ვხედავ ბიზნესებს, რომლებიც დაკეტილია, ვინაიდან არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც ყოფს საზოგადოებას. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ, ამიტომ არის ზუგდიდი მნიშვნელოვანი. მაგრამ ამავდროულად, აღსანიშნავია სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი, საოცარი სამზარეულო, ენთუზიაზმით სავსე ხალხი, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მომავალი აქვს რეგიონს .იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები და უფრო მეტს ვნახავ.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
31 დეკემბერს, 22:00 საათზე, ზუგდიდში მორიგი პროევროპული აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალ წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეხვდებიან.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გალის რაიონში „ვარდნილჰესი II“ - ზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ გაფრთხილება გასცა.
„ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად“, ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ შემზღუდავი კანონების ხელმოწერას ინაუგურაციის დღესვე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები