კახა მიქაია: სუს-ში ჩემს მიერ დატოვებულ ჩანაწერში კორუფციული დანაშაული იკვეთება
"დაიცავი საქართველოს" ლიდერის კახა მიქაიას ინფორმაციით, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში ის ჩანაწერი
წარადგინა, რომელშიც მისი თქმით, ზუგდიდის მაღალჩინოსნების
კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი. ამის შესახებ მან, სუს-ში გამოკითხვის
დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მიქაიას აღნიშნულ
საქმესთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
"სუს-ში დავტოვე მეხსიერების ბარათი. როგორც იცით, ამ ბარათში
ჩანაწერი გრძელდება საათსა და 57 წუთის განმავლობაში. მათ, ცხადია,
გარკვეული კითხვები ჰქონდათ,მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან
გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, ჩემს მიერ
დატოვებული მეხსიერების ბარათი გამოძიებას დაეხმარება, რომ გამოძიება
ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად. კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ,თუმცა
ტელევიზიებს: "იმედს" და "რუსთავი 2"-ს აქვთ ჩანაწერები და
ამონარიდები. სხვას ვერაფერს გეტყვით. შინაარსზე ვერ ვისაუბრებ.
ჩანაწერი ჩემი თანდასწრებით არ უნახავთ, თუმცა მე ის დავტოვე. მათ
მითხრეს, რომ გამოძიება იწყება“, - აღნიშნა მიქაიამ.
სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, ამ წუთებში, სუს-ში
გამომძიებლების კითხვებს პასუხობენ ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია
და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია.
"რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის
მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი
თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები