ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია. ამის შესახებ
საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია იქნება, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა.
„ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მოცემულ საქმეზე სისტემატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. ჩვენ მიერ მოპოვებულია გავრცელებული ჩანაწერის ორიგინალი ვერსია, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოვიპოვეთ, დადასტურდა მისი ავთენტურობა. მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდგომ დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მომხდარიყო ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავება. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები", - განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის ყოფილ მერს და ვიცე-მერს ბრალი წარუდგინეს
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი დაკავებულია
ადვოკატი: ლაშა გოგია საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აპირებს
ზუგდიდის ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა დუმილის უფლებას იყენებს
მასალის გამოყენების პირობები