არასამთავრობოების მიერ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას სერვისების განვითარების
სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე გამოეხმაურა. გიორგაძე ამბობს, რომ რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება გაუგონარი ცილისწამებაა. მისივე განცხადებით, ამ ბრალდების შესასწავლად იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას მიმართა.
"ამ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ამომრჩეველთა სიების მიმართ არსებობს ნდობა", – თქვა სოსო გიორგაძემ.
რაც შეეხება წალენჯიხისა და გარდაბნის ცენტრების ხელმძღვანელების მივლინებაში ყოფნასთან დაკავშირებით და თქვა, რომ სააგენტოს 1300-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
"არ არსებობს დღე, როცა ვიღაც არ არის მივლინებაში", – განაცხადა გიორგაძემ და დასძინა, თუმცა ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აღნიშნულ ორ რაიონებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ყალბი პირადობის მოწმობების, სავარაუდო, დამზადების შესახებ იუწყებიან. აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:პროკურატურამ ყალბი პირადობების სავარაუდო დაბეჭდვაზე გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები