ჟენევის მოლაპარაკებებში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე ისევ განიხილეს
12 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა, რომელის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული
პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე გაკეთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე გაკეთდა და კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.
„ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს. მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება. ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის 2-3 აპრილს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები