აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი მედია საშუალება „გალ ტვ“ რადიო „ათინათის“ მიერ მომზადებულ მასალას
გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დასტირის მავთულხლართებით ორად გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია მიცვალებულს ოტობაია - ორსანტიას გამყოფ ხაზთან.
მათი თქმით, საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემას საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს „ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვართან“.
მათივე განცხადებით, ქართული მედიასაშუალებები ახორციელებენ პროვოკაციულ აქციებს, რომლებშიც ისინი „სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში ბრალს სდებენ აფხაზურ მხარეს, მაშინ როდესაც ადამინისტრაციულ საზრვარზე მიმოსვლას დე ფაქტო რესპუბლიკაში მიღებული „კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ არეგულირებს.
„მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ ქართული მხარე არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთა მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტების შემოვლით“, - წერს „გალ ტვ“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები