ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით შემუშავებული ახალი პროექტის მიხედვით, სამინისტრო დევნილების ნაწილს ბინებს
თბილისში თანადაფინანსებით შეუძენს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 1 ივნისამდე, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, საცხოვრებელი ფართები თავად შეარჩიონ და სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ.
„სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს. შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს. ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ.“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროგრამაში ჩართვა ზუგდიდში მცხოვრებ იმ დევნილებსაც შეუძლიათ, ვინც 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისშია რეგისტრირებული.
მსურველებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადების შეტანა პირველ მაისამდეა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები