ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესია აშენდება. ამის შესახებ დღეს ძველ ხიბულაში ვიცე-პრემიერის მაია
ცქიტიშვილის ვიზიტისას ისაუბრეს. როგორც პროექტიდან ირკვევა ეკლესია დარბაზული ტიპის იქნება და მის სიახლოვეს სამრეკლო განთავსდება. მღვდელი ზაქარია არახამიას თქმით, ძველ ხიბულაში არ იყო ტაძარი და ადგილობრივებს ათი კილომეტრის გავლა უწევდათ, რათა სალოცავად სხვა საოფელში მდებარე ეკლესიაში წასულიყვნენ.
„სოფელში არ არის ტაძარი, პატარა ბავშვები და მოხუცები ათ კილომეტრს გადიან წირვა-ლოცვას, რომ დაესწრნონ. ჩვენ ოჯახებში დავდიოდით და იქ ვკითხულობდით ლოცვებს... მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი კეთდება. შეიძლება გადახვიდე მომდევნო სოფელში და იქ ილოცო, მაგრამ შენ სოფელში, რომ ტაძარია ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - თქვა მღვდელმა.
აღნიშნულ სოფელში ეკლესია ფონდის „ ქართუ “ ფინასური მხარდაჭერით აშენდება. გარდა ამისა, როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, იგეგმება სკვერის მოწყობა და საბავშვო ბაღის აშენდება. ჩხეტიას არ უსაუბრია, იმის შესახებ თუ რამდენი დაიხარჯება აღნიშნული პროექტებისთის. მისი ინფორმაციით, ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენი ფონდის დაფინანსებით მოხდება იმ სახლის აღდგენა, სადაც დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ასევე ამ ტერიტორიზე მოეწყობა პარკი, აიგება ტაძარი და აშენდება საბავშვო ბაღი. მიმდინარე წელს აქ რამდენიმე მილიონი დაიხარჯება“, - თქვა ჩხეტიანმა.
ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ეკლესიის პროექტს გაეცნო. მასთან ერთად იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები