საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს წერილს უგზავნის.
გზავნილი ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში შობის დღესასწაულზე ჩატარებულ წირვას ეხება. მეუფე გერასიმეს წერილის უშუალო ადრესატები მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი და ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოსი ლეონიდესი არიან.
როგორც მეუფე გერასიმე აღნიშნავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელია შეუთანხმებლად ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში, ამ შემთხვევაში, ცხინვალში. მიტროპოლიტი წერს, რომ მსგავსი ფაქტები ეკლესიებს შორის ურთიერთობებს აზიანებს და იმედოვნებს, რომ არაკანონიკური ქმედების ჩამდენთა მიმართ მკაცრი ზომები გატარდება.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.
ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება“, - აღნიშნავს მეუფე გერასიმე.
მასალის გამოყენების პირობები