სოხუმმა კორონავირუსის გამო სკოლის გამოსაშვები საღამოები გააუქმა
სოხუმში სკოლის კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები საღამოები არ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების
სამინისტრომ და მთავრობამ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს, წერს "აფსადგილ ინფო".
"კურსდამთავრებულებს წინ მისაღები გამოცდები ელოდებათ, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც რუსეთის უმაღლესებში აბარებენ, საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარდგენას მოსთხოვენ. მართალია, მასობრივი ღონისძიებები ტარდება, ქორწილებიც, თუმცა, მოდით, ჩვენს კურსდამთავრებულებზე ვიფიქროთ. საკმარისია, მათ შორის ერთი ინფიცირებული აღმოჩნდეს, რომ გამოცდები, რომლებისთვისაც ისინი მთელი წელი ემზადებოდნენ, საფრთხის ქვეშ დადგეს. იმედია, რომ ადამიანები ამას გაგებით მოეკიდებიან", - აცხადებს დე ფაქტო განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ასლან ქუთელია.
უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამოსაშვები საღამოების გაუქმება არ ნიშნავს ბოლო ზარის და ატესტატების გადაცემის ცერემონიის გაუქმებას. მისი თქმით, ეს ღონისძიებები გეგმის შესაბამისად ჩატარდება.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 286 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 44-ს Covid–19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 549 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 947, გარდაიცვალა 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები