გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ნადირობის სეზონი 28 აგვისტოს გაიხსნება.
უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მონადირე ვალდებულია ნადირობამდე გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი), გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ამასთან, ნადირობისას თან იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
"ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის წლის აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე, ხოლო მოსაკრებლის წლის დასაწყისში (იანვარი ან თებერვალი) გადახდის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია ინადიროს მოსაკრებლის გადახდის წლის პირველ მარტამდე პერიოდში", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).
მასალის გამოყენების პირობები