საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთმა" ზუგდიდის სოფელ რუხში მულტიფუნქციური სათემო ცენტრი "ჩემი მორდუ" საზეიმო ვითარებაში გახსნა.
ღონისძიებაზე სტუმრებს ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ამასთან, შეკრებილები ინფრასტრუქტურას, სამუშაო პროცესს და ბენეფიციარების საჭიროებებს გაეცნენ.
სათემო ცენტრი მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ხანდაზმულებზე 24 საათიან ზრუნვას და შინმოვლის სერვისს უზრუნველყოფს.
"ჩემი მორდუს" გახსნა დაემთხვა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული. აფხაზეთის კონფლიქტის და ქვეყნის მიერ განვლილი ქარტეხილების შემდეგ ძალიან ბევრი მოხუცი დღეს არის მოწყვლად მდგომარეობაში, სჭირდება მხარდაჭერა და დახმარება. განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა კოვიდ პანდემიის მართვისა და პრევენციის პროცესში, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით პროექტი. დაახლოებით 75-ზე მეტი მოხუცი აღმოჩნდა ისეთი საჭიროების წინაშე, როდესაც რეაგირება იყო აუცილებელი და ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად გადავწყვიტეთ შენობის რეაბილიტაცია და აქ სერვისის განხორციელება. ობიექტი მზად არის განახორციელოს 3 ტიპის სერვისი, პირველი ეს არის 24 საათიანი ზრუნვის ცენტრი, სადაც 12 მოხუცი იქნება, ასევე სათემო ცენტრი სადაც ათეულობით მოხუცი იქნება და შინმოვლის სერვისი რომელიც დაახლოებით 25 ბენეფიციარს მოემსახურება", - აღნიშნა CHCA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ.
პროექტს "ჩემი მორდუ" საფუძვლად დაედო 2020 წელს CHCA-ს მიერ ჩატარებული კვლევა (დონორი UNDP), რომელმაც გამოავლინა მარტოხელა მოხუცების, ხანდაზმულების და შშმ პირების მძიმე სოციალური პირობები, სწრაფი მოქმედების საჭიროება და გრძელვადიანი დახმარების ორგანიზების აუცილებლობა.
"სოფელი რუხი მდებარეობს აფხაზეთის კონფლიქტის გამყოფ ხაზზე, სადაც ფუნქციონირებს ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლითაც სარგებლობს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ათასობით ადამიანი. ჩვენი დიდი სურვილია სათემო ცენტრის სოციალური სერვისები და პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის, ასევე აფხაზეთში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის", - ამბობენ ორგანიზაციაში.
პროექტი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის"(CHCA) მიერ ზუგდიდის მერიის, GIZ-ის, აფხაზეთის ხელისუფლებისა და UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
გახსნის ცერემონიას არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები