პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებაზე.
შსს-ს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის მიხდვით ცვლილება შედის ადმინისტრაციულ კოდექსში და ცივი იარაღის ტარებისთვის ჯარიმა 200 ლარის ნაცვლად 500 ლარი იქნება.
ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა პირს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„საკანონმდებლო ცვლილებებით მკაცრდება ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული სანქციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია, “-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა.
ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული.
მასალის გამოყენების პირობები