ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.
ამავე ცნობით, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ აღნიშნული ტიტული უკვე მერვედ მოიპოვა.
"ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ-მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში", - ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. ის საერთაშორისო დიდოსტატია ჭადრაკში ქალებსა და ვაჟებს შორის. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 1956 წლიდან, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 1962-78 წლებში, თერთმეტგზის ოლიმპიური ჩემპიონი 1963-92 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები