ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციას უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ადასტურებს.
ბათუმის ციხეში ბადრი ესებუას ადვოკატთან ერთად შეხვდება გამომძიებელიც და ახალ ბრალს წარუდგენს. ცნობილი ხდება, რომ დაკავების მომენტში სამართალდამცველებმა ესებუასგან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
ჯანაშიას თქმით, ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად მივიდა, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კი განუცხადეს, რომ პატიმარი ესებუა ბათუმშია გადაყვანილი.
"ახლა მივდივართ ბათუმში, გამომძიებელთან ერთად. ახალი ბრალი უნდა წარუდგინონ ბადრი ესებუას. როგორც ვიცით დაკავების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული. ქუთაისის ციხეში ვიყავი მისული და იქ გავიგე ბათუმში გადაუყვანიათ. მისი ძმაც ამ ციხეში იხდის სასჯელს და რეკომენდირებული არ არის, რომ ოჯახის წევრები ერთ ციხეში იყვნენ,"- უთხრა რადიო "ათინათს" ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ.
ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში გუშინ გამთენიისას დაკავეს, ზუგდიდის სამხარეო პოლიციიდან კი ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც მხოლოდ ერთი დღე გაატარა.
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ესებუას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია, პერიოდულად იყო აფხაზეთში - ადვოკატი
ჩემი შვილი უდანაშაულოა - ბადრი ესებუას მამა
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს
მასალის გამოყენების პირობები