ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლოს სხდომაზე ახალი მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით იშუამდგომლა.
როგორც პროკურორმა მოსამართლეს განუცხადა, იმის გამო, რომ ბადრი ესებუა მიმალვაში იმყოფებოდა არ მომხდარა მისი სუნის და ხმის ნიმუშის აღება.
"იმ ობიექტური გარემოების გამო,რომ ესებუა მიმალვაში იმყოფებოდა ვერ მოხერხდა საქართველოს ბანკში აღებული სუნის ნიმუშთან შედარება. ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება სასამართლოსთვის იმყოფებოდა თუ არა ესებუა საქართველოს ბანკში. შესადარებელი ნიმუშის მოპოვება ბრალდების მხარისთვის აქამდე შეუძლებელი იყო", - თქვა პროცესზე პროკურორმა.
დაცვის მხარემ კი მოსამართლისგან გონივრული ვადა ითხოვა, რათა ახალ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაცია ბადრი ესებუასთან გაიარონ.
"ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებდით იმ ფონოსკოპიურ დასკვნას,რომელიც საქმეში დევს და თავადაც ვაპირებთ დავაყენოთ ეს შუამდგომლობა. ბადრი ესებუა კრედიტ ოფიცერთან საუბარს,რომელიც მტკიცებულების სახით დევს საქმეში არ ადასტურებს", - მიმართა მოსამართლეს სოსო ჯანაშიამ.
მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, ბრალდების მხარის ახალი შუამდგომლობის განხილვა შემდეგ პროცესამდე გადადო.
დღევანდელ პროცესზე ბადრი ესებუამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ბადრი ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს. ტერორიზმში ბრალდებული, დანაშაულს არ აღიარებს და საგამოძიებო უწყებას მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს
კადრები სახლიდან, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს (ფოტო)
დისტანციურად თავს ვერ დავიცავ - ბადრი ესებუა სასამართლო სხდომებზე დასწრებას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები