8 მარტს ზუგდიდში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მისი ორგანიზატორები ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
"ჩვენი უფლებები საფრთხეშია!
ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, ზიანდება მთლიანად საქართველოს მოსახლეობა.
არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!
სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე.
8 მარტს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში მარშს გავმართავთ, რომელშიც ვმონაწილეობთ ყველა, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებს რუსული კანონის მიღება. ჩვენ ვართ ყველგან და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!", - ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.
მათივე ცნობით, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები ზუგდიდის სკეიტპარკში 15 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობას სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაასრულებენ, სადაც მიმართვასაც გააჟღერებენ.
ამავე თემაზე:სამეგრელო ზემო-სვანეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვა პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას
რუსუდან ყალიჩავა: ჩვენი საქმიანობა და პროექტები ყოველთვის იყო და იქნება გამჭვირვალე
რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება
დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მასალის გამოყენების პირობები