ახალი ამბები
გალდავა ესებუაზე: პირველივე პროცესიდან ხმით ვიცანი, მის ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ
ზუგდიდის რაიონული სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი გრძელდება. სხდომაზე მოწმის სტატუსით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ავთანდილ გალდავა დაიკითხა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსმა მძარცველთან კომუნიკაციის თითოეული ეპიზოდი გაიხსენა. მისი თქმით, თავდაპირველად შეიარაღებული პირი თანხას და ვერტმფრენს ითხოვდა. პოლიციელმა ემოციურად ისაუბრა მძარცველთან კომუნიკაციის დეტალებზე. მან აღნიშნა, რომ ბადრი ესებუას ხმა მძარცველის ხმას პირველივე პროცესზე მიამსგავსა.

"ვკითხე, თუ ვინ იყო, რა უნდოდა და რა ერქვა, სახელსა და გვარზე ირონიული პასუხი გამცა - მაგას არა კიდევ ბევრ რამეს გეტყვიო. მითხრა, მოიტანეთ ნახევარი მილიონი დოლარი და მოიყვანეთ ვერტმფრენი, რომ მშვიდად შევძლო აქედან გასვლა. ვეუბნებოდი, რომ ამას ყველაფერს ეშველება, პირველ რიგში, შენ, მოდი, გადმოდგი ნაბიჯი და მძევლები გამოუშვი. გამიკვირდა, რომ პიროვნება ბანკშია შესული და სულაც არ კითხულობს, იქ ნახევარი მილიონი არის თუ არა და გარედან ითხოვს ფულის შეტანას. მითხრა ხელმძღვანელობამ, რომ ისევ შენ დაელაპარაკე და აუხსენი, რომ ფულის და მანქანის თემას მოვაგვარებდით. იყო ხშირად ემოციური, ყვირილში გადადიოდა - ბიჭო, მალე გააკეთე რასაც გეუბნები, იყო რაღაც მომენტები, როცა მშვიდდებოდა, როგორც მახსოვს, ერთხელ თუ ორჯერ დამყვა, რომ რამდენიმე მძევალი გამოეშვა. ჩემთვის მძევლების გამოშვება იყო ყველაზე მთავარი. თავიდან მითხრა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ფულს ვინ შემოიტანსო, გამაჩერა მერე და მითხრა, პირადად შენ მოიტანეო. 

თვითონაც ემოციების და სტრესის ქვეშ იყო ალბათ, დაფიქრდა და მითხრა, შენთან ერთად კიდევ სამი მძევალი წამოვა. მე ვეუბნებოდი, რომ მარტო წავეყვანე, ჩემს თავზე არ ვფიქრობდი,მაგრამ არ დამთანხმდა. შემომაბრუნა, პლასტმასის მავთული დამადო ხელზე, შემდეგ თოკი ამოიღო და მე და ორი ადამიანი ერთმანეთს მიგვაბა. მინდოდა, საჭესთან მე დავმჯდარიყავი, მაგრამ გადაჭრით მითხრა, არაო. ხვიბლიანს უთხრა, რომ საჭესთან დამჯდარიყო, ფულიც მას ჰქონდა.

დაბლა რომ ჩამოვდიოდით, მითხრა, უკან არავინ გამოგვყვესო. მე ვუთხარი, რომ არავინ გამოგვყვებოდა, ოღონდ ეს სამი მძევალი უკან უნდა დაბრუნებულიყო. როცა ჩამოვედით, პოლიციელები და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დაინახა, დაიძაბა, მითხრა,  როგორ არ გამოგვყვებიანო. მეც ვეუბნები ლოგიკურია, სამხარეოს უფროსი ჩამოგყავს სამ მძევალთან ერთად და აქ არავინ არ იდგება, თან მოშორებით არიან ვერავინ მოგვარდება - ამან დაამშვიდა.

ხვიბლიანს უთხრა, რომ წალენჯიხისკენ წასულიყო. გზაში ეუბნებოდა, რომ ნელა ევლო, მე კი მეუბნებოდა, რომ არავინ გამოგვყოლოდა. არც მქონია მცდელობა, წინააღმდეგობა გამეწია, ჩემ სიცოცხლეზე მეტად იმ ხალხის სიცოცხლეზე ვღელავდი.

ზემოდან დრონის ხმა გავიგე, საკმაოდ კარგად მესმოდა ხმა, ხვიბლიანსაც ვამჩნევდი, რომ ესმოდა, თვალებით მანიშნებდა, რომ ზემოთ ამეხედა, შეგნებულად არ მინდოდა ამეწია თავი. შეგნებულად დავიწყე ხმამაღლა საუბარი, რომ დრონის ხმა გადამეფარა, არ ვიცოდი, რას იზამდა ხმის გაგონებაზე. ამ დროს უცებ გამოჩნდა მანქანები ერთმანეთის მიყოლებით. მისი რეაქცია იყო აგრესიული - გითხარი ბიჭო, რომ მოგვყვებიან. ჩემ უკან გაისროლა, ვიფიქრე, რომ რომელიღაც წავიქცეოდით, მაგრამ ჰაერში გაისროლა გასაფრთხილებლად და საკმაოდ უხამსად ყველას აგინებდა, მანქანები უკან გაიყვანეთ და აქედან მოშორდითო. 

ჩემი თხოვნა მის მიმართ ერთი იყო ვეუბნები - მე ამ ხალხისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ოჯახი და დედა ჩემთვის ყველაფერია, ღმერთი არ გაგიწყრეს და არ შემაგინო, თორემ აქ რა მოხდება, არ ვიცი. მითხრა არ შეგაგინებო, არც შეუგინებია. ოღონდ თუ კიდევ გამოგვყვებიან, მოხდება ცუდი რამ. ვუთხარი, ტელეფონი მაქვს და თუ გინდა, გავთიშავ, თუ გინდა, საერთოდ გადავაგდებ, მითხრა ,გვჭირდებაო. დავურეკე შს მინისტრის მოადგილეს, რომ უკან არავინ გამოგვყოლოდა, ხმამაღალზე იყო ჩართული და მასაც ესმოდა.

ერთ-ერთ ადგილას, არ ვიცი, წალენჯიხის რაიონია თუ ჩხოროწყუსი, რაღაც დანგრეული მოსაცდელი იყო. იქ გააჩერებინა ხვიბლიანს მანქანა და მითხრა, შენი ტელეფონი მომეციო. ხვიბლიანს უთხრა, გამოერთმია ტელეფონი და იქ შეეტანა, მოსაცდელში, იქ დაეტოვებინა.

გზაში ვუთხარი, რომ სიგარეტის მოწევა მინდოდა. მითხრა მოწიეო, თუ სწორად მახსოვს ერთ-ერთ მძევალს ჰქონდა. ვუთხარი, როგორ მოვწიო, ხელი მაქვს შეკრული და გამიხსნა. კიდევ გავჩერდით. უცებ მანქანაში ხტება და ხვიბლიანს ეუბნება, რაც შეიძლება სწრაფად დაეშვი ისევ იმ ადგილას სადაც ტელეფონია. თავიდანვე მითხრა, რომ ჩემი ტელეფონი სჭირდებოდა, აინტერესებდა, მოგვყვებოდნენ თუ არა. ალბათ, გათვლას აკეთებდა იმას, რომ ჩვენები იფიქრებდნენ ან მკვდრები არიან ან რამეს.

როცა ჩავედით ხვიბლიანს უთხრა მიენათებინა. მეც შემეშინდა, რომ შეიძლებოდა იქ ბიჭები მართლა ყოფილიყვნენ. ხვიბლიანი გაუშვა ტელეფონების სანახავად. ისევ ჩავსხედით და მეუბნება მართლა ჰყვარებიხართ შენ ამათო, ვკითხე რატომ მეუბნებოდა ამას - ნუ ეტყობა მიხვდნენ, რომ კარგს არაფერს არ ვიზამდი და ჩამეხსნენო.

გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი და ხვიბლიანს უთხრა გაეჩერებინა მანქანა, გადავიდა მანქანიდან და ხვიბლიანს დაუჯდა გვერდით. საკმაოდ ვიარეთ კიდევ, გზა ჩემთვის ძალიან გაიწელა, ყველა ტრაფარეტს ვაკვირდებოდი და ვკითხულობდი სად ვიყავით, ზოგჯერ მძევლები მეუბნებოდნენ თუ რა ტერიტორიაზე ვიყავით, რამდენჯერმე იგივე ადგილიც გავიარეთ. ერთი მომენტში ძალიან დამშვიდდა, ვიფიქრე ხომ არ ეძინებოდა. ხელი მივარტყი ბიჭო არ დაიძინო ფრთხილად იყავი მეთქი. ნერვიულობო მკითხა, გახსნილი ყუმბარა ხელში გიჭირავს, რა თქმა უნდა ვნერვიულობ მეთქი.

კომუნიკაციის პრობლემა არ გვქონია, ბევრ თემას შევეხეთ. საყოფაცხოვრებო,  არასაყოფაცხოვრებოს.

მდინარესთან გავჩერდით, გადმოვიდა მანქანიდან.  რომ მიდიოდა, ხუმრობით ვუთხარი, დანა მაჩუქე-მეთქი. თითქოს, ინსტინქტურად წაიღო ხელი და მოცემას აპირებდა, მაგრამ დაფიქრდა და შენ სამხარეოს უფროსი ხარ, დანის შოვნა არ გაგიჭირდება, ჩემი დეენემი გინდაო. მითხრა, წადი, ჩემს გამოდევნებას არ შეეცადო. მე მშვიდობიანი გზა ვუსურვე და ვუთხარი, რომ საბრალდებო სკამზე აუცილებლად მოვათავსებდი.

მე დავჯექი საჭესთან, ჩხოროწყუს პოლიციაში წავედით. პირველი, რაც გავაკეთე, მორიგეს დანა გამოვართვი და ამათ ხელი გავუხსენი. არ ვიცი, რატომ, ჩემს ტელეფონთან წავედი, ჩხოროწყუს პოლიციიდან არ განმიხორციელებია ზარი. მივედი ჩემს ტელეფონთან და დავრეკე. წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში წავედით. ყველა ადგილზე იყო.

მისი ხმა ახლაც ყურებში მიწუის, მის ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ, პროცესები დაიწყო თუ არა ხმა მაშინვე ვიცანი", - უთხრა სასამართლოს ავთანდილ გალდავამ.

ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.

2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.



ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი

"გვითხრა, რომ თანხის ნაწილი დახარჯა, ნაწილი კი დაკარგა" - დეტექტივი ბადრი ესებუას შესახებ

ბადრი ესებუას ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.