ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის განხილვა გრძელდება. მოსამართლე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე განაჩენს დღევანდელ პროცესზე გამოაცხადებს.
საქმე ეხება იმ იარაღს, რომელიც სამართალდამცველებმა ესებუას დაკავების მომენტში ამოიღეს. 30 მარტს გამართულ პროცესზე დაკავებულმა ბრალი აღიარა და ამ ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეების ჩვენებები. უფლება დამცველი სოსო ჯანაშია ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი თავდაცვისთვის ჭირდებოდა, რადგან ის მიმალვაში იმყოფებოდა და მისი სიცოცხლის განადგურების რისკი არსებობდა.
"მისი დაკავების დროს მისგან ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით. ყველა მტკიცებულება რაც ბრალდების მხარეს ამ საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა უდავო მტკიცებულება ჩავთვალეთ. ბრალდებულის პოზიცია ის არის, რომ მართლაც ჰქონდა იარაღი და სჭირდებოდა თავდაცვისთვის. მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იმალებოდა და არსებობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე. ის არ უარყოფს ამ ფაქტს. დღეს პროცესზე ბადრი ესებუა ბრალს აღიარებს იარაღთან დაკავშირებით. შესაბამისად, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა რა სასჯელი იქნება ეს სასამართლოს გადასაწყვეტია," - განაცხადა უფლებადამცველმა სოსო ჯანაშიამ.
ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ესებუა ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს აიყვანეს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
გამომძიებელი: ბადრი ესებუა ძმას თავდასხმიდან რამდენიმე დღეში შეხვდა
მოწმე ბადრი ესებუაზე: „ჩემს თვალში ცხოველი ზის აქ“
პოლიციელი: „ბადრი ესებუას ვიცნობ, თავდასხმის დროს ხმით ვიცანი“
ბადრი ესებუა ავთო გალდავას - მინდა მოგილოცოთ ჩემი დაკავება
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის და ბადრი ესებუას სუნის ნიმუშები იდენტურია - ექსპერტი
მასალის გამოყენების პირობები