მერიის შენობასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს მამუკა წოწერია შეხვდა, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ზუგდიდის მერის შეთავაზება ალტერნატიული სივრცის ათვისების შესახებ.
გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აქციები კვლავ გაგრძელდება, ახლა კი სამუშაოდ იმავე ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. მოვაჭრეებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაბამისი სამსახურები მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინებენ იმ სივრცეს, სადაც მუშაობენ.
"ჩვენ შორის კონსენსუსი ვერ შედგა, მათ მიერ შემოთავაზებული ფართები ჩვენთვის არის მიუღებელი. გაგრძელებთ აქციებს, ახლა კი დავბრუნდებით იქ, სადაც ვმუშაობდით აქამდე. მერის პასუხი იყო არაადეკვატური, ისეთ ფართზეა საუბარი რომელიც ჩვენთვის მიუღებელი. გვაქვს მოლოდინი, რომ ძალის გამოყენებით აგვყრიან,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინა ფარულავამ
აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ ისაუბრა. მისი განცხადებით შესაბამისი ღონისძიებები უახლოეს დღეებში განხორციელდება, მისი თქმით დაკავებული ტერიტორიების უმტკივნეულოდ გათავისუფლება თავად გარე მოვაჭრეებზეა დამოკიდებული.
"გარევაჭრობა უნდა აიკრძალოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ხდება საერთო სარგებლობის სივრცეების შეზღუდვა. სამწუხაროდ, ისეთი ტერიტორიები, რომელთაც გადაადგილებისთვის იყენებენ ჩვენი მოქალაქეები, არის შეზღუდული. მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. ორი დღის წინ ანალოგიური აქცია გვქონდა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მოვაჭრეების მხრიდან, ისინი აპელირებდნენ, რომ მათთვის იქმნება არაკონკურენტუნარიანი გარემო. ჩვენ შევთავაზეთ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე, თუმცა მათი მხრიდან ამ სივრცის ათვისების მზაობა არ გამოითქვა. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის გატარდება ღონისძიებები, დამოკიდებულია მათზე, რათა აღნიშნული ტერიტორიები უმტკივნეულოდ გავათავისუფლოთ, საუბარია უახლოეს დღეებზე,"- თქვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ.
ამასთან, მერიაში გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიულ ფართებზე მუშაობის საშეღავათო პერიოდზეც საუბრობენ.
ზუგდიდის მერიასთან აქცია დასრულებულია, თუმცა გარეამოვაჭრეები ათვისებული ტერიტორიის დატოვებას კი არ აპირებენ.
მოვაჭრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, რომ მაისის თვიდან ბაზრის გარე პერიმეტრზე მათთვის ვაჭრობა აიკრძალება. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად მუშაობას მაინც განაახლებენ.
გასულ კვირაში, 1 მაისს ზუგდიდის მერიასთან მოვაჭრეების აქცია შიდა მოვაჭრეებმა გამართეს გარე ვაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით. მაშინ, მათ მერის მოადგილისგან, ბესიკ ჭეჟიასგან, პრობლემის ერთ კვირაში მოგვარების პირობა მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს დილიდან დაკეტილი ბაზრის კარები. თუმცა, განაცხადეს, რომ პერმანენტული აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შიდა მოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობაში ხელს გარე მოვაჭრეები უშლიან. ისინი მერიასა და შესაბამის სამსახურებს რეაგირებას სთხოვენ.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის მერიასთან ხმაურია - გარე მოვაჭრეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ
ზუგდიდის მერიასთან ამჯერად გარემოვაჭრეები მართავენ აქციას
მასალის გამოყენების პირობები