ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს სახლში იყო და მთელი დღე სახლის საქმეებში, მათ შორის, მშენებლობაში ეხმარებოდა.
ესებუა ამბობს, რომ ოჯახის წევრების გარდა, ამას მეზობლებიც ადასტურებენ სხვადასხვა მედია საშუალებებთან.
ტარიელ ესებუამ ასევე თქვა, რომ მისი შვილი სახლიდან 23 ან 24 ოქტომბერს წავიდა სამკურნალოდ და მას შემდეგ არ უნახავს მანამ, სანამ სოფელ ჯიხაშკარში 2023 წლის 8 თებერვალს არ დააკავეს. ესებუამ გაიხსნება სახლის ჩხრეკის დეტალები, თუმცა, განმარტა, რომ პროცესს მხოლოდ ნაწილობრივ დაესწრო, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.
სასამართლოში მან ვერ გაიხსენა შვილის სესხთან დაკავშირებული ზარი ბანკის თანამშრომელთან.
მოგვიანებით, პროკურორმა ტარიელ ესებუაც პოლიციისთვის მიცემული ჩვენებაც წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ მამის თქმით, 21 ოქტომბერს, როცა სახლში დაბრუნდა, შვილი სახლში არ დახვდა და მეუღლემ უთხრა, რომ ის თბილისში სამკურნალოდ წავიდა. ტარიელ ესებუას ჩვენებაში ასევე ნათქვამია, რომ მას 23 ოქტომბერს ბადრი სახლში არ უნახავს. ასევე, ჩვენებაში იხსენებს შვილის სესხთან დაკავშირებულ დეტალებს.
ტარიელ ესებუა განმატავს, რომ მას პოლიციისთვის მიცემული ჩვენება არ წაუკითხავს, თუმცა ხელი ნამდვილად მოაწერა.
ბადრი ესებუას დედ-მამა ჩვენების ოქმში ამბობს, რომ ბანკზე თავდამსხმელს მათ შვილს ვერ ამსგავსებენ.
ბადრი ესებუას მშობლები ბრალდების მხარის მოწმეებად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს
დაიკითხნენ.ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში
2 მაისს დააბრუნეს.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც.
ბადრი ესებუა საქართველოს ბანკის ძარცვის საქმეზე ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
2020 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს დოლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მოგვიანებით, როგორც მძევლები ჰყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად გაუჩინარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
პროკურატურა: „ბადრი ესებუა 2009 წელს ფსიქიატრიულში მკურნალობდა“
ბადრი ესებუას დედა: „2020 წლის 21 ოქტომბერს ჩემი შვილი მთელი დღე სახლში იყო“
ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ციხეში დააბრუნეს
ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს
მასალის გამოყენების პირობები