სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციამ იარაღის უკანონო ფლობისთვის 3 პირი დააკავა
სამეგრელო ზემო - სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი, 2 შაშხანა, ტყვიამფრქვევი და 93 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ჯამში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები