საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების
ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები" დამტკიცდა.
დოკუმენტში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, მოცემულია მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, რომელთა გამოყენებაც აიკრძალება სკოლის კვების ობიექტებში:
ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);
ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;
გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;
დ) დაკონსერვებული პროდუქტები;
ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;
ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;
ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;
თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;
ი) ყავა.
აქვე მითითებულია ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების ისეთი რეკომენდაციები , როგორიცაა სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
ამავე ინფორმაციით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შევლენ მოსწავლეები, სკოლის მოსწავლეთა მშობლები, მასწავლებლები (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთანი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ამასთან ერთად, სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე" ბრძანება 24 ნოემბრით თარიღდება, მას განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აწერს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები