კაფე-რესტორნებმა ჯამურ ფასში დღგ და ყველა სხვა გადასახადი უნდა მიუთითონ - კონკურენციის სააგენტო
კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი იცლება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გამოაქვეყნა.
"თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი", - მითითებულია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის იანვარში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი შევიდა.
შედეგად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე – 13 შეთანხმება გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები