29 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება - გზდ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1-ელი მარტიდან კონტროლის 24 საათიან რეჟიმს დააწესებს.
ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მათივე განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება.
"აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება", - აცხადებს დეპარტამენტი.
ამავე ცნობით, გზდ მოქალაქეებს მოუწოდებს კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია).
მასალის გამოყენების პირობები