პარლამენტში "აგენტების კანონის"
მხარდამჭერმა და ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ აშშ-ს მიერ მისი ოჯახისთვის სანქციების დაწესებას უსამართლო უწოდა.
"სამართლიანია?! როგორ გგონიათ, რომ ოჯახის წევრები დაუსანქცირო კანონმდებელს იმის გამო, რომ კანონი მიიღო?!. კითხვა დაგისვით, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორია?! სამართლიანია?! მე გაგეცით უკვე პასუხი", - უპასუხა მან ერთ-ერთი ტელევიზიის შეკითხვას.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სენატში წარდგენილი ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას იმ პირებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას აფერხებენ.
საქართველოს პარლამენტმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, მესამე მოსმენით, 84 ხმით,
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი. ქვყანაში კი საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა, ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში აპირებს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)
რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები