აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა სომხეთის და საქართველოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელების, არარატ მირზოიანისა და ილია დარჩიაშვილის განცხადებებს, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ურთიერთმხარდაჭერისა და პატივისცემის შესახებ.
სოხუმი მოუწედებს ერევანს არ გამოიყენოს შაბლონური ფრაზები " საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ", რაც, მათი თქმით, "ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას".
გარდა ამისა, სოხუმმა ყურადღება გაამახვილა „სომხური მხარის პოზიციის სერიოზულ ცვლილებაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი ლტოლვილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდასაჭერად.
„შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში. აფხაზეთის სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის გვერდით, იარაღით ხელში, იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ქართველი აგრესორებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ ასევე მოუწოდა ქართულ მხარეს „გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ურთიერთობების ნორმალიზებას - ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.
ინფორმაციისთვის, ქართული მხარე უარს ამბობს მსგავს ხელშეკრულების ხელმოწერაზე და აცხადებს, რომ რუსეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს იკავებს, კონფლიქტის მხარეა.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადებით, "სომხეთმა და საქართველომ უმაღლეს დონეზე დააფიქსირეს, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ და პატივს სცემენ". ამის შესახებ არარატ მირზოიანმა 3 ივლისს, თბილისში ვიზიტისას აღნიშნა.
მასალის გამოყენების პირობები