საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დღეს, 17 ივლისს დაიწყო და პაციენტები სერვისს სრულად უფასოდ მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. სამეგრელოში აღნიშნული სერვისით მხოლოდ "ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში" ისარგებლებენ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ დაავადებულად ითვლებიან ქრონიკული HBV ინფექციის მქონე პირები, აგრეთვე ისინიც, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა კი განხორციელდება კომისიური წესით.
"B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ ესაჭიროებათ მკურნალობა, გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან", - აღნიშნავენ ისინი.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს.
მასალის გამოყენების პირობები