აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ე.წ. სამინისტროს სერგეი შამბა უხელმძღვანელებს,შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ.
ინფორმაცია სერგეი შამბას „საგარეო საქმეთა მინისტრად“ შესაძლო დანიშვნის შესახებ, ივნისის ბოლოს ტელეგრამის
არხმა RESPUBLICA - მ გაავრცელა.
შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან და 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს ის კვლავ ჩაუდგა „სამინისტროს“ სათავეში. 2010-2011 წლებში იყო „პრემიერ-მინისტრი“, 2020 წლის ივლისიდან დღემდე კი „უშიშროების საბჭოს მდივანი“ იყო.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სერგეი შამბას ნაცვლად „უშიშროების საბჭოს“ მდივნად რაულ ლოლუა დაინიშნა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან 7 მაისის განკარგულებით გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას. მოგვიანებით, არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში ტელეწამყვანი გახდა.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით გამოდიოდა.
2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.
არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.
მასალის გამოყენების პირობები