საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეებს, რომლებმაც 2024 წლის 1 ივლისამდე ვერ ჩაანაცვლეს არაელექტრონული, ლამინირებული
პირადობის მოწმობები ID ბარათით, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ სოციალური სერვისებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
"პირს, რომელიც ფლობს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონულ (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობას და ამ მოწმობის საფუძველზე სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლის მიმღებია ან ეს უფლება წარმოეშობა ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ და 2024 წლის 1 ივლისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმობის პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტით ჩანაცვლება, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე უწყვეტად გაუგრძელდეს სამინისტროს სისტემის დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდება/შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული სარგებლით/მომსახურებით, თუ არ არსებობს ამ სარგებლის/მომსახურების შეწყვეტის/შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი", - ვკითხულობთ დადგენილებაში.
ცნობისთვის, ლამინირებული პირადობების გამოყენების ვადა უკვე მეორედ გახანგრძლივდა. თავდაპირველად, ივლისში, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ძველი დოკუმენტები არ შეცვალა და ისინი სოციალური შემწეობის მიღებასა და სხვა სერვისებით სარგებლობას 1-ელ აგვისტომდე შეძლებდნენ.
შეგახსენებთ, 1 ივლისიდან, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, უვადო პირადობის მოწმობები გაუქმდა. მას ელექტრონული პასპორტი, ID ბარათი ჩაანაცვლებს.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კანონპროექტი დაინიციირდა, რის მიხედვითაც, მოქალაქეები ლამინირებული დოკუმენტებით არჩევნებზე ხმის მიცემასა და საბანკო სერვისებით სარგებლობას, მათ შორის პენსიის მიღებას, ვეღარ შეძლებენ.
ამავე თემაზე:
ე.წ ლამინირებული პირადობებით პენსიებისა და სოციალური შემწეობების მიღება ერთი თვე არ დაბრკოლდება - მინისტრი
დღეიდან ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება
1 ივლისიდან ე.წ ლამინირებული მოწმობით ვეღარ იმგზავრებთ - საქართველოს რკინიგზა
დღეიდან ლამინირებულ პირადობის მოწმობებს ID ბარათით უსასყიდლოდ ჩაანაცვლებენ
2024 წლიდან იგეგმება ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება
მასალის გამოყენების პირობები