აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სოხუმისთვის მოსკოვის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება. მან ისაუბრა რუსეთის მიერ წაყენებულ პირობებზე, მათ შორის, მათ მოთხოვნაზე, ხელი მოეწეროს
"აპარტამენტების" შესახებ კანონპროექტს, რომელიც დე ფაქტო პარლამენტმა ამ ეტაპზე უკან
გაიწვია."აპარტამენტების თემა გასაგებია, ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა მიიღონ, მაგრამ აპარტამენტების თემის სხვა საკითხებისგან ცალკე განხილვა არასწორი იქნებოდა, პაკეტში უნდა მოხდეს განხილვა ამ ე.წ. კანონპროექტის და რუსებისთვის კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, რომელიც შეთანხმებული არ არის და დევს დე ფაქტო პარლამენტში", - განმარტავს ის.
გამახარიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საჭიროებაზე საუბრობენ, მაგრამ ასეთ პერსპექტივას ვერ ხედავს.
"ბჟანია მოსკოვშია და ვითომ "ალაგებს" რაღაცებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის, რას მიაღწია. ვერაფერსაც ვერ მიაღწევს. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზებს და რუსებს სხვადასხვანაირად ესმით ურთიერთობის გაუმჯობესება. აფხაზებს ურთიერთობების გაუმჯობესება მიაჩნიათ, რომ რუსები აფინანსებენ, ტურისტები ჩამოდიან, რუსული სახელმწიფო ნახევარზე მეტს ბიუჯეტიდან ავსებს და რუსებს კი თავიდანვე ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ ყოველივე იმის სანაცვლოდ, რასაც აფხაზებისთვის აკეთებენ, უნდა მიიღონ აფხაზეთში დამკვიდრების, აფხაზეთში დემოგრაფიული უპირატესობის მოპოვებისა და, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის ანექსიის შესაძლებლობა... ან აფხაზებმა უნდა მოაწერონ ხელი ანექსიას. სხვა გზა არ არსებობს. უკიდურესობამდე დაძაბული ვითარებაა", - თვლის ის.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოელის, რომ "თუ აფხაზებს გადარჩენა სურთ, უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს ქართულ-აფხაზური დიალოგი, ჩვენი სამომავლო ურთიერთობების შესახებ". ჯემალ გამახარია, რომელიც საქართველოს მთავრობას წარმოადგენს, ამბობს იმასაც, რომ "ვითარება შეცვლილია" და აფხაზ ანალიტიკურ წრეებში ადრე თბილისისადმი რადიკალურად განწყობილი მოლაპარაკე თავები ახლა სხვანაირად ფიქრობენ: "ეს არ ნიშნავს რომ ისინი შემოერთებაზე დაიწყებენ საუბარს, ურთიერთობის დალაგებაზე იქნება საუბარი", - დასძენს ის.
გამახარიას თქმით, ამ წინააღმდეგობრივი აღქმების გამო, დარწმუნებულია, რომ ურთიერთობა არ გაუმჯობესდება: რაც შეეხება მის მოლოდინებს და თბილისი რეაქციას, მისი თქმით, "არ გვმართებს, ხელოვნურად ვცადოთ პროცესების დაჩქარება".
"უნდა დავაკვირდეთ პროცესებს, მოვახდინოთ მონიტორინგი და ხელი შევუწყოთ იმ პროცესების განვითარებას, რაც იქ თავისთავად მიმდინარეობს აფხაზი ხალხის ნებით და სურვილით", - აცხადებს გამახარია.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება
შეუჩერა, რაც
კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლიდან გამომდინარეობს. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი სოხუმს შემდეგ პირობებს უყენებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დასმულ კითხვაზე, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ სოხუმის ინტერესებშია, რომ ისინი ნორმალურად განვითარდეს.
„მე არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან დაბრუნება“, - აღნიშნა მან.
შამბამ ასევე განაცხადა, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც შეხვედრებს გამართავს, არსებული ვითარებიდან გამოსავლის საპოვნელად, რადგან, მისი თქმით, „თუ სანქციები გაგრძელდება წლის ბოლომდე, ბევრი დაზარალდება".
ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა
ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
ამავე თემაზე:
„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან - ტელეგრამ არხები
ბჟანია: უცხო ქვეყნის მოქალაქეს აფხაზეთში ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონების შეძენა შეუძლია
„აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გამოწვევა დროებითი ზომაა - „ამცახარა“
მასალის გამოყენების პირობები