სოხუმში თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას
ეხმაურებიან და თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გავეცანით მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გამოთქმულ მზადყოფნაზე, მიიღონ კონკრეტული ზომები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დასახმარებლად.
ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს.
ქართველ პოლიტიკოსებს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის" და სხვა მითიური ტერმინების შესახებ არარეალურ სტერეოტიპებზე წინასაარჩევნო სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა, თავად უნდა იზრუნონ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე.
რაც შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთსარგებელზე დაფუძნებულ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას.
რაც შეეხება მომავალში მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - წერია განცხადებაში.
კახა კალაძემ 29 სექტემბერს
თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა
განაცხადა, რომ მოსკოვის მზადაა, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.
მასალის გამოყენების პირობები