წალენჯიხის სოფელ ჯგალში, ლესალეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ძეგლის მდგომარეობის ზუსტი ანალიზი; დაადგინოს მისი ქრონოლოგია, ხასიათი და ტიპი, გაარკვიოს ნაგებობის დანიშნულება და მშენებლობის პერიოდი.
ასევე, აუცილებელია შემოწმდეს კომპლექსის ტერიტორია. ცალკეული არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, კი შეისწავლება მათი უტილიტარული ხასიათი და კულტურული კუთვნილებაც.
"ეს ციხე-სიმაგრე, რომელიც თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი ყველაზე დიდია კოლხეთში, აკონტროლებდა შავი ზღვიდან და კოლხეთის დაბლობიდან სვანეთისა და კავკასიის ქედზე გარდამავალ გზებს. დღეისათვის ჩატარებული საცდელი სამუშაოების შედეგად მიკვლეულია სამხრეთის გამაგრების ბურჯი, ხოლო ნივთებს შორის აღსანიშნავია სამკუთხა თიხის ფილები, რომლებიც თაღისებური სარკმლის შესამკობად იყო გამოყენებული. ყურადღებას იქცევს აგრეთვე რომაული ხანის იშვიათი მძივების აღმოჩენის ფაქტი", -აღნიშნულია შესყიდვების ვებ გვერდზე.
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ საქმე ეხება, სავარაუდოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ნაშთებს.
ტენდერში წინადადებები 25-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. სამუშაოს შესრულების ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეა.
მასალის გამოყენების პირობები