მუქარა, დაშინება, პერსონალური მონეცემების უკანონო შეგროვება, პირადობების ჩამოთმევა - TI-ის ანგარიში წინასაარჩევნო დარღვევებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წინასაარჩერვნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მთავარ გამოწვევებს შორისაა ამომრჩევლების, მათ შორის საჯარო
მოხელეების ნებაზე მუქარით, დაშინებით, პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ზემოქმედება.
„საჯარო მოსამსახურეებისგან პერსონალური მონაცემების შეგროვების უკანონო სქემა: 2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ „პირველის“ საგამოძიებო გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საიდუმლო სიების შესახებ, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავალებენ და აიძულებენ საჯარო მოხელეებს, შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ მათი პირადი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები არჩევნებზე ამ პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით. ასეთი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს“, - წერია ანგარიშში.
ორგანიზაციის განმარტებით, შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად უნდა გამოიძიონ ამომრჩევლის მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების ფაქტები, ასევე, ამომრჩევლების ნებაზე სხვა მხრივ ზეგავლენის განხორციელების, არჩევნების პროცესში პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლისა და განსაკუთრებით მათ წარმომადგენლებთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები.
გარდა ამისა, ანგარიშში TI ყურადღებას ამახვილებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გავლენაზე და საარჩევნო კანონმდებლობის არასტაბილურობაზე. ორგანიზაციის თქმით, საარჩევნო წელს ხელისუფლების აქტიური საკანონმდებლო პოლიტიკა მანამდე არსებული საკანონმდებლო სტანდარტების გაუარესების მიმართულებით, უხეშად არღვევს აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტს, რომლის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობა სტაბილური უნდა იყოს და, განსაკუთრებით არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში, ხშირ ცვლილებებს არ უნდა ექვემდებარებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები